среда, 11 марта 2009 г.














მე ვარ გიორგი ტალახაძე. დავიბადე 1996 წლის 25 იანვარს. ვსწავლობ გორის #11 საჯარო სკოლის VII კლასში. წარმოშობით ვარ იმერეთიდან. ეს სახელი დამარქვეს პაპაჩემის საპატივსაცემოდ დამარქვეს. იგი ღირსეული ადამიანი იყო და ვეცდები მას დავემსგავსო. მეგობრები გიკოს მეძახიან.
სახელი გიორგი მომდინარეობს ბერძნული სახელიდან გეორგიოს, რომელიც თავის მხრივ წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან გეორგოს, "მიწათმოქმედი". სიტყვა ნაერთი სიტყვაა, წარმოებული სიტყვებისგან გე , "მიწა", და ერგონ , "ვმუშაობ".
გიორგი — ქართულ მითოლოგიაში წმინდა გიორგისთან (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ) იდენტიფიცირებული პერსონაჟი. რიგ მკვლევართა აზრით, გიორგის სახელი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ მოტივთა და სიუჟეტთა უმეტესობა, ქრისტიანობამდელი წარმოშობისაა. გიორგის ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა- ქუხილის მბრძანებელი. მოტივმა ღვთაება-მხედარზე, მონადირეზე, რომელიც თავისი ყოველწლიური სიკვდილით და აღდგომით განასახიერებდა ბუნების ყოველწლიურ კვდომას და აღორძინებას, უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები. მრავალ ისტორიულ წყაროში (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად. ქრისტიანული წმინდა გიორგის კულტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება - ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი).
მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ავტორს, რადგან ამდენი არასოდეს მიფიქრია ჩემს სახელზე და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე. ასევე ჩვენს უსაყვარლეს მედეა მასწავლებელს, რომელმაც ჩაგვრთო ამ პროექტში და მართლაც საინტერესოდ ვიმუშავეთ.

წმიდა გიორგი
წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ცნობილია, რომ ის წმიდა ნინოს ნათესავი და დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, თვითონაც მორწმუნე, მდიდარი, ჭკვიანი, ლამაზი და დიდი ვაჟკაცი იყო. მან ისე გამოიჩინა თავი, რომ რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ თავის მხედართმთავრად დანიშნა. თვითონ დიოკლიტიანეს სძულდა ქრისტიანები, რადგან ისინი მეფის კერპებს არ სცემდნენ თაყვანს. ამაყი დიოკლეტიანესთვის კი მთავარი იყო, ხალხს მისი დადგენილი წესები შეესრულებინა, ისინი მორჩილნი ყოფილიყვნენ; სიმართლეს და ნამდვილ ღმერთს კი ის არც დაეძებდა. თავისი მეფობის ბოლოს მან ქრისტიანებს დევნა დაუწყო, იჭერდა და კლავდა მათ.
ეს რომ წმიდა გიორგიმ გაიგო, ბევრი არ უფიქრია; გაყიდა თავისი მამული, ქონება ღარიბებს დაურიგა, მივიდა იმპერატორთან და გამოუცხადა, რომ თვითონაც ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს გაუკვირდა და უთხრა: შენ პატივცემული ადამიანი ხარ, თუ ჩემს და ჩემი ღმერთის სამსახურში იქნები, არც სიმდიდრე მოგაკლდება, არც ძალაუფლება, მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებო. გიორგიმ კი უპასუხა - „ნეტავ შენც შეგეძლოს, ქრისტე ირწმუნო, მიხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ქრისტე მარადიული მეუფეა, მის სიყვარულს სხვა ვერაფერი შეედრება. ის მომანიჭებს დიდებასაც და გამარჯვებასაცო“.
დიოკლეტიანე სასტიკად განრისხდა. მისი ბრძანებით გიორგი თოკზე ჩამოკიდეს და შუბი აძგერეს, მაგრამ ასხლეტილი შუბი უკანვე გამობრუნდა, სისხლმა კი ცვარივით გამოჟონა. იმპერატორი სხვადასხვა სასჯელით, წამებით ცდილობდა მისი რჩეული მხედართმთავრის რწმენა გაეტეხა: ჯერ საპყრობილეში ჩააგდო, ფეხებზე ბორკილები დაადო, გულზე კი - უზარმაზარი ლოდი. შემდეგ გააკრა მბრუნავ ბორბალზე, რომელშიც ბასრი რკინები ჩაემატებინათ და ასე დაუფლითა სხეული. მერე ლურსმნებიაანი რკინის სანდლები ჩააცვა და ასე ათრევინა, შემდეგ ისე აცემინა მათრახებით, რომ მოწამის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მერე ისევ საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა გიორგი არ შეშინებულა. ის მადლობდა ღმერთს და ლოცულობდა, უფალს მიეცა ძალა, რომ ყველაფრისთვის გაეძლო, რათა ყველას დაენახა და ერწმუნა, რომ ქრისტეა ნამდვილი ღმერთი. იესოც არ ტოვებდა გიორგის, ეცხადებოდა, ამხნევებდა, აძლიერებდა, უგზავნიდა ანგელოზს, რომელიც ჭრილობებს უმთელებდა და ყველა განსაცდელისგან უვნებელი და ცოცხალი გამოჰყავდა. ქრისტეს ძალით გიორგი ყველას თვალწინ ახდენდა სასწაულებს. აღადგინა საუკუნეების წინ გარდაცვლილი ადამიანიც. საპყრობილეში მასთან მისულ უამრავ ადამიანს ასწავლიდა ქრისტეს სარწმუნოებას.


წმიდა გიორგის რწმენისა და ვაჟკაცობის მნახველმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, დიოკლეტიანეს კერპების მსახურებმაც, თვით დედოფალმა ალექსანდრამაც. გამხეცებული დიოკლეტიანე ყველას სიკვდილით სჯიდა, სამწუხაროდ, მან ვერ აღიარა გიორგის სიმართლე, რადგან გული ბოლომდე ცოდვებით, ბოროტებით, ამპარტავნებით ჰქონდა სავსე და იქ ქრისტესათვის ადგილი აღარ დაეტოვებინა. 303 წლის (23 აპრილს) 6 მაისს, პარასკევ დღეს ის მახვილით მოკლეს, მაგრამ მოწამე არ დამარცხებულა, ქრისტეს საყვარელი მარადიული მხედარი უფალმა უდიდესი ძალით, ღვთის მადლით დაასაჩუქრა, რითაც წმიდანი ყველა ქრისტეს მეგობარს აგერ, უკვე რამდენი საუკუნეა ეხმარება.
წმიდა გიორგი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში, სადაც მას მრავალი სასწაული მოუხდენია. ქართლის ცხოვრებაში აღწერილია, რომ დიდგორის ბრძოლისას დავით აღმაშენებლის ლაშქართან ერთად თავად წმიდა გიორგი იბრძოდა.
გიამბობთ ერთ სასწაულს: საქართველოში, სოფელ ილორში, ერთ მღვდელს, მაშინ როცა ის წირვას ასრულებდა, ოსმალებმა შვილი მოსტაცეს. მღვდელი ძალზე შეწუხდა, მაგრამ წირვა არ მიუტოვებია. ღმერთს შესთხოვდა შვილის დაბრუნებას. და აი, გატაცებულ ბავშვს თეთრცხენოსანი მხედარი დაეწია, ბავშვი გაათავისუფლა, შემდეგ მამას დაუბრუნა და გაუჩინარდა. ეს მხედარი წმიდა გიორგი იყო.

წმიდაო გიორგი, ჩვენ, დღევანდელ ქართველებსაც ძალიან გვიყვარხარ. სთხოვე იესოს, რომ მოგვცეს შენი მსგავსი რწმენა, რომ ყველა კეთილ საქმეში გავიმარჯვოთ.

გიორგი V ბრწყინვალე

გიორგი V ბრწყინვალე (1286 — 1346) - საქართველოს მეფე 1314-1346, დემეტრე II თავდადებულის ძე. აღიზარდა სამცხეში, მისი ბაბუის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილისის მეფეს" უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-08 წლებში). 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.
იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. ჯერ კიდევ ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან - ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა.
1329 წელს გიორგი V-მ შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334 წელს, როცა სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, გიორგი V-მ მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე, უბოძა მას ათაბაგობა და ჩამოართვა ერთგულების ფიცი. ამრიგად, საქართველოს მთლიანობა აღუდგინა. ეს იყო დიდი პოლიტიკური მონაპოვარი. დადგა დრო მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლებიდა. ყაზან-ყაენის გარდაცვალების (1304) შემდეგ საილხანოში ანარქია სუფევდა. 1335 წელს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. ჩაკეტა უღელტეხილები და ამით მონღოლთა ერთსაუკუნოვან ბატონობას ბოლო მოუღო.
გიორგი V ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. საამისოდ ის უკიდურეს ღონისძიებასაც არ ერიდებოდა, მან ცივის მთაზე სანადიმოდ მოიწვია და ამოხოცა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები. გიორგი V-მ განახორციელა ფინანსური რეფორმა - მოჭრა საკუთარი ფული, ცნობილი "გიორგაული თეთრის" სახელით (არსებობს განსხვავებული მოსაზრება). მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები: "ხელმწიფის კარის გარიგება" და "ძეგლის დება". ეს უკანასკნელი აწესრიგებდა მთიელების ცხოვრებას (გიორგი V ებრძოდა მთიელთა ჩამოწოლას ბარში). საქართველოს მეფეს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან. ამის წყალობით მან შეძლო აღედგინა ქართველთა მონასტრები იერუსალიმსა და სინის მთაზე. მის დროს ქართველებმა იერუსალიმში თავისუფლად შესვლის უფლება მოიპოვეს.
გიორგი V-მ სცადა ქართველთა გავლენის აღდგენა ტრაპეზონის სამეფოში და მხარი დაუჭირა ტახტისათვის მებრძოლ ანა ხუტლუს, რომელმაც ერთხანს ჩაიგდო ხელში ტახტი (1341), მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაკარგა იგი. გიორგი V ხელს უწყობდა ურთიერთობათა გაცხოველებას ევროპასთან, იტალიელთა შავიზღვისპირა ფაქტორიებთან. მის მეფობაში რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს "ბრწყინვალე" უწოდა.